Mozilla VPN

რით განსხვავდება VPN და პროქსი

VPN და პროქსი ინტერნეტში პირადულობისა და უსაფრთხოებისთვისაა. იხილეთ, როგორ გიცავთ თითოეული და რომლის არჩევაა უმჯობესი.

წარმოსახვითი კერძო ქსელი (VPN) და დაცული პროქსი (ვებპროქსი) გამოიყენება ინტერნეტში პირადულობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, თუმცა შესაძლოა დამაბნეველი იყოს მათ შორის სწორი არჩევანის გაკეთება. აქ გაეცნობით, თითოეული მომსახურება როგორ გიცავთ და რომლის არჩევა ჯობია ინტერნეტით სარგებლობისას.

შეაჩერეთ თვალთვალი ინტერნეტის მომწოდებლისგან

როცა იყენებთ Firefox-ს, თვალთვალისგან გაძლიერებული დაცვა თავისთავად ზღუდავს გარეშე მხარეების უმეტეს მეთვალყურეს მთელი ვებსივრციდან. თუმცა აქ ერთი საგულისხმო საკითხია: თქვენი ინტერნეტის მომწოდებელს (ISP), რომელსაც თანხას უხდით მომსახურებისთვის — მაინც შეუძლია თვალი გადევნოთ.

ვინაიდან ქსელში გადაცემული მონაცემები თქვენი მოწყობილობებიდან (კომპიუტერი, ტელეფონი, ტელევიზორი, პლანშეტი) გაივლის მომსახურების მომწოდებლის ხელში, მათ შეუძლიათ გაიგონ, რას აკეთებთ ინტერნეტში. ISP ხედავს, რომელ საიტებს ეწვიეთ, რამდენი ხანი დაყოვნდით, აგრეთვე ადგენს თქვენს ადგილსამყოფელსა და თქვენი მოწყობილობების მონაცემებს. ISP შესაძლოა ვერ არკვევდეს, ზუსტად რა მოიმოქმედეთ საიტზე (მაგალითად, რა შეიძინეთ, რა მოიძიეთ ან რა წაიკითხეთ) დაშიფვრის წყალობით, თუმცა გარკვეული დასკვნების გამოტანა მაინც შეუძლია მონახულებული გვერდების საფუძველზე. ამ პირადი მონაცემების გამოყენებით კი ISP ქმნის დაწვრილებით დახასიათებას თქვენ შესახებ. რატომ აკეთებს ISP ამას? პასუხი მარტივია: ამგვარი ინფორმაცია მეტად ღირებულია.

ISP-ს შეუძლია ეს მონაცემები საკუთარი სარეკლამო მიზნებისთვის გამოიყენოს, ანდაც შემოსავალი მიიღოს, მათი გაზიარებით გარეშე მხარეებისთვის, რომლებიც თავისმხრივ გამოიყენებენ მიზნობრივი რეკლამებისთვის, რაც თავისთავად გულისხმობს ნაკლებ პირადულობასა და მეტ თვალთვალს. ბრაუზერის პირადი რეჟიმების გამოყენება ვერ შეუშლის ხელს ISP-ს იხილოს, რას საქმიანობთ ინტერნეტში. სამაგიეროდ, კავშირების პროქსით ან VPN-ით გატარების შემთხვევაში ეს ყველაფერი მეტად გაუძნელდება.

როდის გამოვიყენო VPN და როდის – დაცული პროქსი?

VPN და დაცული პროქსი საერთო დანიშნულების მქონეა: ორივე გამოიყენება კავშირების უსაფრთხოებისთვის. მათი მეშვეობით შესაძლებელია ნამდვილი IP-მისამართის შენიღბვა და მიმოცვლილი მონაცემების დაცვა თქვენსა და VPN-ს ან პროქსის შორის. მაგრამ როდისაა საჭირო VPN და როდის – პროქსი?

დაცული პროქსი: უსაფრთხოება ბრაუზერის დონეზე

დაცული ვებპროქსი გამოდგება მხოლოდ ბრაუზერის გამოყენებისას. ეს მოიცავს მრავალი სახის საქმიანობას, მათ შორის საყიდლების შეძენას, გადასახდელების დაფარვას, სოცქსელების გამოყენებასა და ელფოსტის შემოწმებას. დაცული პროქსი არის შუამავალი თქვენს ბრაუზერსა და ინტერნეტს შორის. ვებსივრცეში გაგზავნილი მონაცემები თქვენი ბრაუზერიდან პირდაპირ გაივლის უსაფრთხო გვირაბს, შეიცვლის IP-მისამართს, შედეგად კი იმ ვებსაიტს, რომელსაც დაუკავშირდებით, არ ეცოდინება, მსოფლიოს რომელი კუთხიდან შეხვედით. შესაბამისად, ეს აძნელებს თვალის დევნებასა და სამიზნე კვლევების ჩატარებას.

პროქსი მეტად გამოსადეგია, როცა ვებსივრცეს ათვალიერებთ საჯარო WiFi-ით. თუ პროქსი ჩართულია, იმავე ქსელიდან ვეღარ შეძლებენ დაადგინონ, რა მოიმოქმედეთ ან რა ინფორმაცია გადაეცით, დაუცველ საიტებზე. თითქოს უვნებელია, მაგრამ საჯარო WiFi-ქსელები ქმნის სათბურ პირობებს ჰაკერებისთვის.

Firefox Private Network ადვილად დასაყენებელი ბრაუზერის გაფართოებაა, რომელიც ქმნის დაცულ, დაშიფრულ გვირაბს ვებსივრცეში გასასვლელად ბრაუზერის კავშირების უსაფრთხოებისთვის, როდესაც სარგებლობთ Firefox-ით. სწრაფად და მარტივად შეიძლება ჩაირთოს ბრაუზერისთვის დაცვის დამატებითი შრის მისანიჭებლად.

VPN: უსაფრთხოება მოწყობილობის დონეზე

VPN კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის მქონეა, ვინაიდან პროქსი იცავს მხოლოდ ბრაუზერის კავშირებს, ხოლო VPN – მიმოცვლილ მონაცემებს სრულად, მათ შორის, ბრაუზერიდან გამომავალსაც, როცა ჩართულია. VPN უსაფრთხოს ხდის ინტერნეტში ნებისმიერ საქმიანობას — რაც მეტად გასათვალისწინებელია, როცა გსურთ თქვენი მოქმედებები და საკუთარი თავი დაიცვათ მეთვალყურეებისა და ISP-ისგან და გაუძნელოთ მათ, თქვენი დახასიათების შექმნის შესაძლებლობა, თითოეული მოწყობილობიდან, როგორიცაა ტელეფონი, კომპიუტერი და პლანშეტი.

VPN ქმნის უსაფრთხო „გვირაბს“ მოწყობილობასა და ინტერნეტს შორის სრულად. უზრუნველყოფს თქვენს პირადულობას ორი გზით:

  1. ფარავს თქვენს IP-მისამართს და არ ამჟღავნებს ვინაობასა და ადგილსამყოფელს.
  2. შიფრავს მიმოცვლილ მონაცემებს თქვენსა და VPN-მომწოდებელს შორის, შესაბამისად, ვერავინ შეძლებს თქვენს ადგილობრივ ქსელში მის გაშიფვრას ან გადაკეთებას.

ამასთანავე, VPN გთავაზობთ უსაფრთხოებას ღია და საჯარო WiFi-კავშირებისას. ღია WiFi საფრთხის შემცველია, ვინაიდან შეუძლებელია დარწმუნებული იყო, რომ იმავე ქსელზე დაერთებული სხვა მომხმარებელი, არ შეეცდება თვალი ადევნოს ინტერნეტში თქვენს საქმიანობას. მაშინაც კი, თუ კავშირი დაშიფრულია, შეუძლიათ იხილონ რომელ საიტების ეწვიეთ. ხოლო, თუ ისეთ პროგრამას იყენებთ, რომელსაც არ აქვს დაშიფვრის საშუალება — დღესაც კი ბევრია, ამგვარი — მაშინ ყველაფერი ხილული იქნება, რასაც ამ აპლიაციით აკეთებთ. Mozilla VPN არის სწრაფი, დაცული და საიმედო მომსახურება, რომელიც დაგეხმარებათ უსაფრთხოების ხვრელების ამოვსებაში. Mozilla VPN „ადგილმდებარეობის“ არჩევის საშუალებაც იძლევა (ანუ საიდან გამოჩნდება თქვენგან გამავალი კავშირები) 30-ზე მეტი ქვეყნიდან.

აირჩიეთ სანდო მომსახურება

ყველაზე მთავარი, რაც უნდა გავითვალისწინოთ VPN-ის ან პროქსის არჩევისას, არის კომპანიის სანდოობა. დარწმუნდით, რომ კარგად გესმით პირობები, რომელთაც ეთანხმებით. შესაძლოა, ბევრს მოაქვს თავი, რომ დიადია და პირადულობის დაცვაზეა მიმართული, მაგრამ მათი უმეტესობა, პირობას არ ასრულებს. ყველა პროქსი და VPN-მომსახურება არ არის დაცული და უსაფრთხო. ზოგიერთი აღრიცხავს ჩანაწერებს ინტერნეტში თქვენს მოქმედებებზე, რომ შემდეგ გაყიდოს ეს ინფორმაცია სარეკლამოებზე. ზოგი კი ცდილობს, მოტყუებით დაგაყენებინოთ მავნე პროგრამა, მოწყობილობებზე.

ჩვენ ყველა წინასწარი სამუშაო ჩავატარეთ, რის შედეგადაც ორივე, Mozilla VPN და Firefox Private Network სრულად უზრუნველყოფს თქვენი პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას და ეს ისაა, რისთვისაც მზად ვართ, ჩვენ მიერ მოპოვებული სახელით ვაგოთ პასუხი. Mozilla-მ სახელი გაითქვა, სწორედ, მომხმარებლების ინფორმაციის დაცვის უზრუნველმყოფი პროდუქტების შექმნით. ჩვენ ვხელმძღვანელობთ მოკლე, მარტივად გასაგები დებულებებით, მონაცემთა დაცვის შესახებ, რაც საშუალებას გვაძლევს, მხოლოდ მომსახურებისთვის აუცილებელ ინფორმაციასთან გვქონდეს შეხება. ამასთანავე, ვინაიდან ზურგს გვიმაგრებს განსაზღვრული მიზნის მქონე კომპანია, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მომსახურებისთვის გაღებული თითოეული ლარი მოხმარდება არა მხოლოდ თქვენს სრულყოფილ დაცვას, არამედ ინტერნეტის საყოველთაო გაჯანსაღებას.