Mozilla – პირადი მონაცემების დაცვის ხ.დ.კ.

ჩვენ ხალხს მოგებაზე წინ ვაყენებთ.

ხალხისთვის დღესდღეობით უმეტეს შემთხვევაში არაა ნათელი, თუ რას უნდა ელოდონ იმ პროგრამებისა და მომსახურებებისგან, რომლებითაც სარგებლობენ. ტექნოლოგია, რომელიც მართავს ჩვენს ცხოვრებას, მეტად მრავალმხრივია და ხალხს არ აქვს საკმარისი დრო, რომ ღრმად გაერკვეს თითოეულ წვრილმანში. ეს ასევე ეხება Firefox-საც, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი განსხვავებული მოსაზრება და დამოკიდებულება არსებობს ამ ბრაუზერთან დაკავშირებით.

Mozilla პატივს სცემს და ზრუნავს თქვენი პირადი მონაცემების უსაფრთხოებაზე.

  • ჩვენ მივყვებით მონაცემთა პირადულობის საფუძვლებს, რომლებიც აყალიბებს ჩვენს მიდგომებს პირადი მონაცემების დაცვის კუთხით როგორც სამაგიდო, ასევე მობილურ Firefox-ბრაუზერში.
  • ჩვენ ვცდილობთ შევაგროვოთ მხოლოდ ის მონაცემები, რომლებიც საჭიროა საუკეთესო პროდუქტების მისაღებად.
  • ჩვენ ვიღწვით იმისთვის, რომ ხალხს მივცეთ საკუთარი მონაცემებისა თუ ინტერნეტცხოვრების განკარგვის საშუალება.
  • ჩვენ ერთგული ვართ მიდგომისა „მოულოდნელობების გარეშე“, შესაბამისად, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ხალხს როგორც წარმოუდგენია Firefox, სრულად შეესაბამებოდეს სინამდვილეს.

მოცემული კითხვები და პასუხები დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ, თუ რას უნდა მოელოდოთ Mozilla-სა და Firefox-ისგან:

მე Firefox-ს ვიყენებ თითქმის ყველაფრისთვის ინტერნეტში. თქვენ Mozilla-ში ჩემ შესახებ უამრავი რამ იცით, ხომ ასეა?

Mozilla-მ არ იცის ბევრი რამ, როგორც ეს ზოგს შეიძლება წარმოედგინოს ხალხის მიერ ვებსივრცის მოხმარების შესახებ. Firefox ბრაუზერია, რომელიც ეშვება თქვენს მოწყობილობაზე ან კომპიუტერზე და ერთგვარი კარიბჭეა ინტერნეტში გასასვლელად. თქვენი ბრაუზერი განკარგავს დიდძალ ინფორმაციას იმ ვებსაიტებზე, რომელთაც ეწვევით, მაგრამ ეს ინფორმაცია უმთავრესად რჩება თქვენსავე მოწყობილობაზე.

აშკარაა, რომ ყველა კომპანია ინტერნეტში ყიდულობს და ყიდის ჩემს მონაცემებს. ალბათ, არც თქვენ განსხვავდებით მათგან.

Mozilla არ ყიდის თქვენ შესახებ მონაცემებს (როგორც უმრავლესობას წარმოუდგენია „მონაცემების გაყიდვა“) და ჩვენ არ ვყიდულობთ თქვენ შესახებ რამე ინფორმაციას. ვინაიდან ჩვენ ვიღწვით გამჭვირვალობისკენ და ვინაიდან „მონაცემების გაყიდვის“ სამართლებრივი განმარტება ზოგან მეტად ფართოა, ჩვენ გვიწევს უკან დახევა და უარის თქმა იმგვარ განცხადებებზე, თქვენთვის რომაა ჩვეული და სასურველი. ჩვენ კვლავ არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენს მოკავშირეებს ვუზიარებთ (რომ შევინარჩუნოთ Firefox შემოსავლიანი და სიცოცხლისუნარიანი), იყოს ვინაობის მონაცემებისგან სრულად დაცლილი ან გავუზიაროთ მხოლოდ ერთად თავმოყრილი, შეჯამებული სახით, ანდაც გავატაროთ პირადულობის უზრუნველმყოფი ჩვენი საშუალებების გავლით (როგორიცაა OHTTP).

მოიცათ, აბა მაშინ როგორ შოულობთ ფულს?

Mozilla არაა რიგითი დაწესებულება. იგი დაარსდა ერთობის ღია წყაროს პროექტის სახით 1998 წელს, Mozilla მიზნისკენ მავალი ორგანიზაციაა, რომლის მუშაობაც მიმართულია ინტერნეტის სიჯანსაღის უზრუნველყოფისკენ. Mozilla Corporation შემოსავლის უმეტეს ნაწილს იღებს Firefox-ბრაუზერის საძიებო საშუალებებთან თანამშრომლობითა და მსოფლიო მასშტაბით გავრცელების ხელშეკრულებებით მიღებული ანაზღაურებიდან. ჩვენს შემოსავლებს ღიად შეგიძლიათ გაეცნოთ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშიდან.

კარგი, ეს ყველაფერი გასაგებია. რა მონაცემებს აგროვებთ?

Mozilla ნამდვილად იღებს შეზღუდულ მონაცემებს, რომელთაც აგროვებს Firefox, რაც გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ როგორ იყენებს ხალხი ბრაუზერს. ამის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს პირადულობის დებულებაში და გაეცნოთ სრულ ცნობარს მონაცემთა აღრიცხვის თაობაზე. ჩვენ ასევე ვასაჯაროებთ ჩვენს მასალებს, ასე რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაამოწმოს ჩვენი ნათქვამის მართებულობა, მოგვახსენოს, გვესაჭიროება თუ არა რამის გაუმჯობესება და დარწმუნებული იყოს, რომ არაფერს ვმალავთ.

წინასწარი გამოშვების Firefox უფრო მეტ მონაცემებს აგროვებს?

გარკვეულწილად. გარდა ზემოთ აღწერილი მონაცემებისა, უეცარი გათიშვისა და შეცდომების შესახებ ცნობებსაც გვიგზავნის წინასწარი გამოშვების Firefox.

დამატებით შესაძლოა, აღვრიცხოთ მონაცემები წინასწარ გამოშვებაში ჩვენი კვლევებისთვისაც. მაგალითად, ზოგიერთი კვლევა საჭიროებს „ვებსივრცეში მოქმედებების მონაცემებს“, რომელიც შეიძლება მოიცავდეს გარკვეული საიტების URL-მისამართებსა და სხვა ინფორმაციას. ეს გვეხმარება, რომ ცალკეული კუთხით გავაუმჯობესოთ Firefox, მაგალითად, როგორ ერგება ცნობილი ვებსაიტები სხვადასხვა ენებს.

Mozilla-ს წინასწარი გამოშვების Firefox განკუთვნილია შემუშავებისთვის და ხშირად ახლდება გამოსაცდელი შესაძლებლობებით. ჩვენ აღვრიცხავთ შედარებით მეტ მონაცემებს წინასწარ გამოშვებებში, ვიდრე საბოლოოში, რომ გავარკვიოთ როგორ მუშაობს ეს საცდელი შესაძლებლობები და მზადაა თუ არა საბოლოო გამოშვებისთვის. პარამეტრებიდან შეგიძლიათ შეაჩეროთ ამ მონაცემების გაგზავნა.

და საერთოდ, რატომ აღრიცხავთ მონაცემებს?

თუ ჩვენ არ გვეცოდინება როგორ მუშაობს ბრაუზერი და რომელ შესაძლებლობებს იყენებს მომხმარებელი, ჩვენ ვერ შევძლებთ მის გაუმჯობესებასა და თქვენთვის სასურველი უმაღლესი ხარისხის პროდუქტის მოწოდებას. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევიმუშაოთ მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც დაგვეხმარება საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაში მომხმარებელთა პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის დაცვით. შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენ მიერ გამოყენებულ პირადულობის უზრუნველმყოფ ზოგიერთ საშუალებას, როგორიცაა თუნდაც OHTTP.

მონაცემთა შეგროვება მაინც მაწუხებს. შემიძლია გამოვრთო?

დიახ. მომხმარებლისთვის საკუთარი მონაცემების განკარგვის საშუალების მიცემა ჩვენს ძირეულ დებულებას წარმოადგენს. ამის უზრუნველსაყოფად Firefox წარმოდგენილია პირადულობის პარამეტრების გვერდით, რომელიც ერთიანი სივრცეა მათთვის, ვისაც სურს თავად განსაზღვროს საკუთარი პირადი მონაცემები Firefox-ში. ამავე გვერდიდანაა შესაძლებელი მონაცემთა აღრიცხვის შეჩერებაც.

და რას იტყვით ჩემი ანგარიშის მონაცემებზე?

ჩვენ ყოველთვის ვემხრობით მონაცემთა რაც შეიძლება მეტად შემცირებას, ამიტომ არ ვითხოვთ იმას, რაც არაა საჭირო.

თქვენ არ გესაჭიროებათ ანგარიში, რომ გამოიყენოთ Firefox. ანგარიშებს საჭიროებს მონაცემთა დასინქრონება მოწყობილობებს შორის, მაგრამ ამისთვის საკმარისია მხოლოდ ელფოსტის მისამართისა და ასაკის მითითება (რომ დავრწმუნდეთ, სრულწლოვანი ხართ თუ არა)

ინფორმაციის გავრცელებისთვის თქვენ ასევე იყენებთ ციფრულ დარეკლამებას. ყიდულობთ თუ არა ხალხის მონაცემებს გამიზნული ინტერნეტრეკლამების შექმნისა და მიწოდებისთვის?

არა, ჩვენ არ ვყიდულობთ ხალხის მონაცემებს მიზნობრივი დარეკლამებისთვის.

ჩვენ ვთხოვთ ხოლმე ჩვენს სარეკლამო მოკავშირეებს, რომ გამოიყენონ მხოლოდ პირველადი მონაცემები, რომელთაც საიტები და გამომცემლები ხედავენ მომხმარებლების შესახებ, ანუ მხოლოდ ის, თუ რომელი ბრაუზერითა და მოწყობილობით შემოდიან საიტზე.

კარგი, როგორც ჩანს, თქვენ ნამდვილად უზრუნველყოფთ ჩემი პირადი მონაცემების უსაფრთხოებას.

დიახ, სწორედ ასეა.

იხილეთ ვრცლად, თუ როგორ ზრუნავს Mozilla ინტერნეტის უსაფრთხოებაზე.